შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
(ɫӰ-ს საჯარო ლექციების ერთ-ერთი მსმენელის, მაკა ნათელაურის ბლოგი)
მე გადმოვცურვარ ზღვას,
ნუ დაუჯერებ სხვას,
რომ მე არ მოვალ,
მე შენთან მოვალ,
ჸვბრუნდები!
მანქანაში ვიჯექი, გუნებაში ამ სიმღერას ვმღეროდი და იმაზე ვფიქრობდი, თუ რომელი ზღვის გადაცურვა ეწადა ირაკლის.
გამიგია (და ალბათ ასეცაა), რომ ნებისმიერ შემოქმედებას ყოველი ადამიანი თავისებურად იგებს, მისებურად თარგმნის და ისეთ ახსნას უძებნის, როგორიც მისთვის ყველაზე ახლობელი და გასაგებია, როგორსაც თავად ეძებს.
ჰოდა, იმ წვიმიან საღამოსაც, ,,მეფის" სიმღერას ჩემებური ახსნა-განმარტება ვუპოვე; ჩავთვალე, რომ ირაკლი ,,ზღვაში" ცხოვრებას გულისხმობს, ხოლო ,,გადაცურვაში" ცხოვრებისეული ღელვისა და სირთულეების გადალახვას მოისაზრებს და ვიღაცას ჰპირდება, რომ ,,ტალღიან ზღვას" მშიდობიანად გადაცურავს, უკან მშვიდობით დაბრუნდება. სიმღერის ასეთმა განმარტებამ, ჩემი სულის რომელიღაცა კუნჭულში იმედის ნაპერწკალი გააღვივა და წამაქეზა უჟმური ამინდის მიუხედავად ჩემს ,,ზღვაში" ცურვა ხალისიანად, ლაღად განმეგრძო.
ეს სიმღერა იმ შეხვედრამ გამახსენა, რომელსაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დავესწარი, სადაც გელა ჩარკვიანმა საჯარო ლექცია წაიკითხა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ აუდიტორიიდან როცა გამოვედი, სირცხვილის გრძნობამ მომიცვა: იმის შემრცხვა რომ გელა ჩარკვიანს აქამდე არ ვიცნობდი და მის ლექციაზე მხოლოდ გვარი ,,ჩარკვიანი"-ს პატივისცემით მივედი, რომელიც .,მეფემ" ჩანერგა ჩემში. შემრცხვა, რომ აქამდე ჩემთვის უცნობი იყო ადამიანი, რომელიც თავისი ინტელექტის წყალობით ჯერ კიდევ 1970 წელს საბჭოთა კავშირის საზღვრებიდან გაღწევა მოახერხა, ზღვა კი არა ოკეანე გადაცურა. მოგვიანებით გარკვეული პერიოდი დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი იყო... უხერხულობა ვიგრძენი იმის გამო, რომ მხოლოდ დღეს გავიცანი ადამიანი, რომელიც საქართველოს პირველი პირის ოჯახში გაიზარდა, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას კლასელი იყო. შემდეგ კი თავად გახდა ,,მეფის" მშობელი და საქართველოს ისეთი შემოქმედი აჩუქა, როგორიც ირაკლი ჩარკვიანი იყო. ბატონ გელას არ ვიცნობდი, მაგრამ, სამაგიეროდ, უნებლიედ, გავიგე ეკა ყურშიტაშვილის შესახებ, რომლის სახელიც რამდენიმე დღეში მთელ თბილისს ვირუსივით მოედო პატრულთან გამართული უსიამოვნო საუბრის გამო. ამ ერთმა ჩვეულებრივმა გოგომ თავისი ცუდი საქციელით იმდენი მოახერხა, რომ მის შესახებ იუმორისტული შოუც დაიდგა...
მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს... გელა ჩარკვიანის საჯარო ლექციას დავესწარი და მისი სახით კიდევ ერთი ყოვლად დადებითი, პატივსაცემი პიროვნება გავიცანი.
ქართველობას არ ვუღალატე და შეხვედრაზე დავაგვიანე, ამიტომ, როდესაც ხალხით სავსე აუდიტორიაში შევედი, ბატონი გელა უკვე საზოგადოების წინაშე წამდგარიყო და ლექცია დაეწყო. პირველ რიგში დავჯექი და უკვე რამდენიმე წამის შემდეგ სმენად ვიქეცი.
ჩარკვიანმა ის კულტურული რევოლუციები გაიხსენა, რომლებიც მსოფლიომ 1960-ან წლებში განიცადა და ისტორიაში უდიდესი წვლილი შეტანა. მან ისაუბრა ცვლილებებზე, რომლებიც ამ ათწლეულმა ადამიანის ცხოვრებაში მოახდინა. მათ შორის იყო; ადამიანის ჩაცმულობის სტილი, მუსიკაში ახალი ჟანრის (როკის) ჩამოყალიბება, ასევე ლგბტ-ის წარმომადგენელების უფლებები და ეკოლოგია.
მაგრამ ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად ორმა თემამ მიიპყრო, ალბათ, იმიტომ, რომ ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში ეს საკითხები ჯერ კიდევ მწვავეა. ეს ორი საკითხი კი ამერიკაში მომხდარი ფერად კანიანების რევოლუცია და გენდერული თანასწორობა იყო.
როდესაც ბატონმა გელამ კონკრეტული მაგალითებით მოგვიყვა, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში როგორ ჩაგრავდნენ ფერადკანიანებს ამერიკაში, აუდიტორიაში სიცილი გაისმა. ეს იმ ადამიანმა გაიცინა, რომელიც ჩემში ზის და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს, სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევს. სიცილი უნებურად, გაკვირვებისგან წასკდა, თუმცა, რა გაუკვირდა, არ ვიცი... ამ გულმავიწყმა ადამიანის კანის ფერის გამო გარჩევა ისე გაიკვირვა, თითქოს პირველად სმენოდეს მსგავსი რამ და ამდაგვარ დისკრიმინაციას თავის საყვარელ თანამედროვე თბილისში არ შეხვედროდეს. თითქოს აარონ ჩარლზის (წარმოშობით ინგლისელი, ერთი ფერად კანიანი ბიჭი) ამბავი არც კი გაეგოს. იმ აარონ ჩარლზის, რომელმაც მაკდონალსი დამცირებულმა, მორალურად განადგურებულმა დატოვა. ჩემში მცხოვრებმა ქართველმა ბატონი გელას სიტყვები ისე მიიღო, თითქოს ფერადკანიანისადმი წარმოთქმული დამამცირებელი სიტყვები (,,შავი", ,,აფრიკიდან ჩამოთრეული" ,,ზანგი") თავისი ყურით არ გაეგოს, თითქოს ოცდამეერთე საუკუნის თბილისის ქუჩებში თავისი თვალით არ ენახოს, ბავშვები ფერადკანიანი ადამიანისკენ თითს როგორ იშვერენ, უფროსები კი შეშფოთებულები აყოლებენ თვალს.
ამ ქართველს, რომელიც სულში მიზის, ზუსტად იგივე დაემართა, როდესაც ბატონმა გელამ განაცხადა, რომ აშშ-ში სახელმწიფოებრივ არჩევნებში ქალს ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 1869 წელს მიენიჭა, ეს ამბავი ჩემი სულის ბინადარმა ისე იუცხოვა, თითქოს თავად იმ ქვეყნის მოქალაქე არ ყოფილიყოს, სადაც სუსტი სქესის წარმომადგენლები ყოველდღიურად იჩაგრებიან, სადაც მამაკაცები ქალებს ისე ექცევიან, როგორც თავიანთ საკუთრებას, პირად ნივთს... თითქოს თვითონ იმ ქვეყანაში არ ცხოვრობდეს, სადაც შარშან, ერთი წლის განმავლობაში 28 ქალი არ მომკვდარიყო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქალები იყვნენ. ერთი საუკუნის წინანდელი ამერიკელების ჩამორჩენა, ისე გაიკვირვა ქართველმა, თითქოს თვითონ იმ ქვეყნის მკვიდრი არ ყოფილიყოს, სადაც თანამედროვე საქართველოში ქმარს ფეხმძიმე ცოლი არ მოეკლას, შემდეგ თვითმკვლელობა არ ჩაედინა და რვა ბავშვი ჰაერში გამოკიდებული, სოფლის ანაბარა არ დაეტოვებინოს... ჩარკვიანის სიტყვები, მას ისე დაუჯერებლად მოეჩვენა, თითქოს ქალს ოცდამეერთე საუკუნის საქათველოში ოჯახის წევრები მხოლოდ დიასახლისად არ მიიჩნევენ და ქალიშვილებს მხოლოდ გათხოვების მიზნით არ ზრდიდნენ... ისე ჩაეცინა ქართველს თითქოს გენდერულ თანასწორობის საკითხში თანამედროვე საქართველო მეცხრამეტე საუკუნის ამერიკისგან ძალიან შორს იყოს!
ლექციის ბოლოს გელა ჩარკვიანსა და დამსწრეებს შორის დიალოგი შედგა... საინტერესო კითხვებს ბატონი გელას მხრიდან საინტერესო პასუხები მოჰყვა. ყველაზე მეტად ერთი შეკითხვით და მასზე გაცემული პასუხით მოვიხიბლე. კითხვის ავტორი დაინტერესდა, სამ ჩარკვიანს (კანდიდს, გელას და ირაკლის) რა საერთო ჰქონდათ, ნათესაობის გარდა რა აკავშირებდათ ერთმანეთთან? ამ კითხვაზე ისეთი პასუხი მოვისმინე, რომ მსგავსი რამ სამწუხაროდ არავისგან არ მსმენია. ჩვენ, ჩარკვიანებს, უპასუხა ბატონმა გელამ, ის გვქონდა საერთო, რომ სამივე შემოქმედითი ადამიანები ვიყავით და მუდამ ცოდნა გვწყუროდაო.
,,ცოდნის წყურვილი", იმაზე მეტის ცოდნის სურვილი, ვიდრე იცი - მგონი, ეს ისაა, რაც ადამიანებს ასე გვაკლია. ადამიანები გაურბიან ცოდნას, არ გვწადია სამყარო უფრო უკეთ შევიცნოთ და უფრო მეტს მივაღწიოთ. ხალხს თითქოს გვეშინია განათლების, მეტის გაგების, განსხავებული აზრის მიღების, განვითარების... ჩვენ ფიქრი გვეზარება.... ადამიანები ყოველ დღე ერთს და იმავეს ვაკეთებთ; დილით ვდგებით ზოგი სასწავლებელში მივდივართ, ზოგი სამსახურში, საღამოს სახლში ვბრუნდებით, ცოტახნით ფეისბუქის პოსტებში ვიძირებით, მერე კი ვიძინებთ, რომ შემდეგ დღეს დროულად ავდგეთ და ზედმიწევნით გავიმეოროთ იგივე განრიგი. ადამიანები რობოტებს დავემსგავსეთ, დაუფიქრებლად ინსტიქტურად ვცხოვრობთ და იმის დროც არ გვრჩება საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, ამდენს რატომ, რისთვის ვფუსფუსებთ? რისკენ ვილტვით ან საერთოდ, რა გვინდა?
მგონი, ზუსტად ამიტომაა, რომ სამყარო, ჩვენი მშობლიური პლანეტა იმ ბავშს ჰგავს, რომელიც უკვე 2015 წელი ცოცხლობს, მაგრამ თავის ასაკისა და შესაძლებლობის მიუხედავად, ვერა და ვერ განვითარდა და ისევ ის დონე შეინარჩუნა, როგორიც დედა-ბუნებამ მისცა!
ამაზე ვფიქრობდი უკვე მანქანაში მჯდომიარე, სახლისკენ მიმავალი, გავყურებდი შავი ზღავასვით ღამის წიაღში ჩაძირულ თბილისს და გულში ვღიღინებდი: „მე გადმოვცურვარ ზღვას''...